პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ ერთ-ერთი პირველია, ვინც „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების ინდივიდუალურ ფორმატზე დათანხმდა და პარლამენტის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებთან პირისპირ შეხვედრაზე დაჯდა. საკანონმდებლო ორგანოში გამართული ამ აუდიენციის სხვა ფიგურანტებზე „გირჩში“ საჯაროდ არ ლაპარაკობენ, თუმცა ოპოზიციიდან ის მარტო არ ყოფილა. ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა და ახალი წინადადებები წამოყენებული არ ყოფილა, გარდა იმ პირობებისა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში უკვე არაერთხელ დასახელდა.
„გირჩის“ ლიდერები ეჭვობენ, რომ „ქართული ოცნების“ ჩანაფიქრი ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან ვაჭრობა და მათი გადაბირებაა. ამიტომ რა პერსპექტივა აქვს ახალი ფორმატის ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და რა რესურსი არსებობს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის საერთო ენის გამონახვისთვის - ცალსახა პასუხი არ აქვთ.
გაერთიანებული ოპოზიციის მაგიდასთან მსხდომი პარტიების ნაწილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ახალი გეგმა ოპოზიციაში განხეთქილების შეტანაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ არჩევნებისთვის სამზადისი და საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება დაიწყო.
ოპოზიციასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყებას „ქართული ოცნების“ ლიდერები ადასტურებენ. თუმცა ვის შეხვდნენ უკვე დახურულ კარს მიღმა და ვინ დგას რიგში - დეტალებზე ლაპარაკი არ სურთ. ისინი მზად არიან ყველა მსურველს შეხვდნენ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან შეხვედრა, ყველა პარტიის პირადი უფლებაა. თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ მათ გეგმებზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.
ვინ იქნება შემდეგი - „ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი - ისინი ვინც მმართველი გუნდის რიგები ცოტა ხნის წინ დატოვეს.
როდის გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარესთან მორიგი შეხვედრა და ვინ დაჯდება „ოცნებასთან“ პირისპირ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჯერ უცნობია. მმართველმა პარტიამ საჯარო შეთავაზება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.